საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით,
საქართველოს ყველა სკოლის ადმინისტრაცია გაფრთხილებულია, რომ ბავშვების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა დაუშვებელია.
ჯეჯელავას თქმითვე, შუახევის ერთ-ერთი სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია.
„დროშების მოპოვება რთული არაა, რა თქმა უნდა, მთავარია საიდან აქვთ იდეა, რომ ბავშვების ჩართვა შეიძლება პოლიტიკურ პროცესში, ყველა სკოლა გაფრთხილებულია ძალიან მკაცრად და ამ შემთხვევაშიც, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ გავავრცელეთ, რომ სკოლის ტერიტორიაზე და მოსწავლეების ჩართულობით აბსოლუტურად დაუშვებელია არა მხოლოდ ვიზუალური ნიშნების გამოყენება, არამედ ნებისმიერი აქტივობა არჩევნებთან დაკავშირებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან ან გამიზნულ მოქმედებასთან . მოკვლელვა მაშინვე დავიწყეთ, როდესაც გუშინწინ ეს ინფორმაცია მივიღეთ. ძალიან პრინციპული საკითხია და ყველა დაისჯება, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან თუნდაც გადაცდომა წესებიდან“- განაცხადა ჯეჯელავამ.
განათლების მინისტრის თქმითვე, მასწავლებელი, რომელმაც პირველკლასელებთან ერთად გადაღებული ის ფოტო გაავრცელა, სადაც ბავშვებს ხელში „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ, შესაძლოა სამსახურიდან გათავისუფლდეს.
„საინტერესოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გვაძლევს რჩევებს, რომელმაც შექმნა სკოლის პოლიტიზაციის პრაქტიკა და შესაბამისად, მათ ამ თემაზე სალაპარაკო არ აქვთ. ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ სკოლები თავისუფლები არიან პოლიტიკური პროცესიდან. ამ მასწავლებლის პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, შეიძლება დადგეს, როგორც ვიცი ეს მასწავლებელი არაა პარტიის წევრი.
რეაგირება შეიძლება იყოს ადმინისტრაციული, ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება, საყვედური და უკიდურეს შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლება, გააჩნია. ამ კვირაში ჩვენ წესით შედეგები უნდა გვქონდეს“- განაცხადა ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა მარინე დარჩიძემ სოციალური ქსელით პირველკლასელებთან ერთად სკოლაში გადაღებული ფოტო გაავრცელა, სადაც ბავშვებს ხელში „ქართული ოცნების“ დროშები უკავიათ.
