„საზოგადოება 20/30“-ის ხელმძღვანელი მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
„საზოგადოება 20/30“-ის ხელმძღვანელი მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
09:57 15.09.2017
„საზოგადოება 20/30“-ის ხელმძღვანელი გიორგი მამულაშვილი მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
მამულაშვილის განცხადებით, სკოლა ის ადგილია, საიდანაც იწყება ძლიერი, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და შესაბამისად ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაც.
მისივე თქმით, მოსწავლის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია მშობლის აქტიურ მონაწილეობასა და მის დამოკიდებულებაზე.
„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ეს დღე ყოველთვის ასოცირდება ახალ ენერგიასთან, განახლებულ შემართებასთან, მეტ სიახლესა და განვითარებასთან. ახალი სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, ისინი დღეს ცხოვრების ახალ, ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ეტაპს იწყებენ.
მინდა ყურადღება გავამახვილო სკოლის მნიშვნელობაზე, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გააცნობიეროს. სკოლა ის ადგილია, საიდანაც იწყება ძლიერი, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, შესაბამისად ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაც. ახალგაზრდებმა სკოლის მერხიდანვე უნდა გააცნობიერონ ის, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და თითოეულ მათგანს აქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სკოლის განვითარებაზე, რათა მან უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს.
ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენს საამაყო და ღირსეულ პედაგოგებს. ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ-აღზარდონ მომავალი თაობები. ეს პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდი პატივიცაა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ მასწავლებლებს მეტი ყურადღება და დაფასება სჭირდებათ, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან. კიდევ ერთხელ, ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას მათდამი.
ასევე, მინდა ხაზი გავუსვა სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის როლს. ვფიქრობ, რომ მოსწავლის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია სწორედ მშობლის აქტიურ მონაწილეობასა და მის დამოკიდებულებაზე.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ ყველას და გისურვებთ წარმატებებს. ვიმედოვნებ, ეს იქნება საინტერესო, ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი“- განაცხადა მამულაშვილმა.


ბეჭდვა