საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეობის კანდიდატისა და მოქმედი
თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, არც თვითონ და არც გაერთიანების ყრილობის დეპუტატები თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატის, დავით ოქიტაშვილის რეკომენდაციებს არ გაითვლისწინებენ.
ამის შესახებ პეტრიაშვილმა ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის დავით ოქიტაშვილის შეთავაზების საპასუხოდ განაცხადა.
„დავით ოქიტაშვილი ჩემთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენს და მის რეკომენდაციებს რომ ირაკლი პეტრიაშვლი არ გაითვალისწინებს და არც ყრილობის წევრები არ გაითვალისწინებენ, მე მგონი თქვენმა კამერებმა დააფიქსირეს, როდესაც ყრილობას ვაბარებდი ანგარიშს, რა აქვს პროფკავშირებს გაკეთებული. დანარჩენს ყრილობის დეპუტატები გამოხატავენ საარჩევნო ბიულეტინებზე“- განაცხადა პეტრიაშვილმა.
დავით ოქიტაშვილმა ირაკლი პეტრიაშვილს კანდიდატურის მოხსნა შესთავაზა, რა შემთხვევაშიც, მისი თქმით, თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე თვითონაც უარს იტყვის.
„ჩემი თვითმიზანი, გავმხდარიყავი პროფკავშირის თავმჯდომარე, ეს არაა. ჩემი მიზანია 12 წლიანი ფეოდალური მართვა კრიმინალ პერიაშვილის დაენახა საზოგადოებას. დელეგატებმა გადაწყვტონ ვინ უნდა იყოს მათი ლიდერი. მე ვთავაზობ ბატონ ირაკლი პეტრიაშვილს რომ გადადგეს, მეც ვხსნი ჩემს კანდიდატურა. გზა დაუთმოს ახალგაზრდებს“- განაცხადა ოქიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პროფესიულ კავშირთა გაერთიანების ყრილობა იმართება, სადაც დეპუტატები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი.
ფარული კენჭისყრის პროცედურა 4 საათზე დაიწყება.
