რუსთავის სასჯელაღსრულების #17 დაწესებულების შვიდმა პატიმარმა დღეს ერთდღიანი სიმბოლური შიმშილობა გამოაცხადა. ისინი 2005 წლის 26 თებერვალს საქართველოს
კანონმდებლობაში ნულოვან ტოლერნტობასთან დაკავშირებით ძალაში შესულ ცვლილებებს აპოროტესტებენ. ამის შესახებ "ნიუსპრესს" მოძრაობა "არას" თავმჯდომარემ, ლევან ჩიტაძემ განუცხადა.
ლევან ჩიტაძის ცნობით მოშიმშილე პატიმრების - ლევან გოგიჩაიშვილს, მელორ ვაჩნაძეს, ვახტანგ მაისაიას, თემურ ჟორჟოლიანს, რამაზ სამნიძეს, ანზორ მეზვრიშვილს და ჯერლიდ დარიას, უმეტესობას ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმეა მელორ ვაჩნაძეს მდგომარეობა, რომელსაც 2 თვის წინ სისხლის მოწამვლა დაუდგინდა და ახლა მკურნალობის კურსს გადის. ჩიტაძის ინფორმაციითვე შვიდივე პატიმარი პოლიტპატიმრების შემსწავლელი კომისსის მიერ პოლიტპატიმრად არის აღიარებული
ლევან ჩიტაძის განცხადებით, ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადების შემდეგ ქუჩაში 92 უდანაშაულო ადამიანი იქნა მოკლული. დღევანდელი მონაცემებით ციხეებში 40-დან 48 ათასამდე პატიმარია, ხოლო პრობაციონერების რაოდენობამ 400 ათასს მიაღწია.
"პოლიტპატიმრების შემსწავლელმა კომისიამ დაადგინა, რომ საქართველოში ამ დროისთვის 100-ზე მეტი პოლიტპატიმრია. 1000 აღწევს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებისც უკანონოდ იქნენ დაკავებული. ათასობით ადამიანს კი არაადეკვატური სასჯელი შეეფარდა" - აღნიშნა ჩიტაძემ.
