განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ახალი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განხილვა გრძელდება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ახალი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განხილვა გრძელდება
12:46 11.09.2017
ასოცირების შესახებ შეთანხმების 361-ე მუხლის 32-ე დანართით განსაზღვრული ევროკავშირის დოკუმენტებთან თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით 2014 წელიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ანალიზს ახორციელებს და მისი შემდგომი განვითარების ეტაპებს გეგმავს.

მიმდინარე ეტაპზე შემუშავებულია ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის პროექტები და მათი დამტკიცების მიზნით აუცილებელი სამართლებრივი ცვლილებები.

მიმდინარე წლის 12-15 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და „ევროპის განათლების ფონდის“ (ETF) ორგანიზებით თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ETF წამომადგენელი, განათლების ექსპერტი ედუარდა კასტელ-ბრანკო.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, დაგეგმილია კასკადური სამუშაო შეხვედრები. შეხვედრების ძირითადი მიზანია ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის პროექტების დამტკიცების მიზნით მომზადებული სამართლებრივი საფუძვლების პროექტის განხილვა და საბოლოო შეჯერება.

ზემოაღნიშნული საკითხების გარდა, შეხვედრებზე განიხილება არაფორმალური და პროფესიული განათლების ასპექტები; კვალიფიკაციების აღწერისა და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მთლიანი ანალიზის პროცესი; უმაღლესი და პროფესიული განათლების კავშირი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან; ხარისხის უზრუნველყოფის მექნიზმები; შემდგომი გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები.

„ევროპის განათლების ფონდის“ (ETF) წარმომადგენელი, განათლების ექსპერტი ედუარდა კასტელ-ბრანკო შეხვედრებს გამართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ერვნული ცენტრის, პროფესიულ და უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებების, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის წარმომადგენლებთან.



ბეჭდვა