ნაძალადევის რაიონში, ზვარეთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაზიანებული გზის საფარის მოხსნა და გატანა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.
"სანზონაში, ზვარეთის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, დავიწყეთ საყრდენი კედლის მშენებლობა. ორივე პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" 300 მ სიგრძეზე შეცვლა წყალსადენის ცენტრალური ქსელი, რითაც ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემაც მოგვარდა" - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, ბორდიურები და ტროტუარები მოეწყობა და გზის სავალ ნაწილზე - 1 966 კვ.მ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება. ზვარეთის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს.
