სამეგრელოში სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ზარალის წინასწარი მონაცემები ხვალ გახდება ცნობილი
სამეგრელოში სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ზარალის წინასწარი მონაცემები ხვალ გახდება ცნობილი
13:01 01.07.2012
სამეგრელოს რაიონებში სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის წინასწარი მონაცემები ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ სამეგრელო-ზემო  სვანეთის გუბერნატორმა გურამ მისაბიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის წალენჯიხის, ზუგდიდის და ჩხოროწყუს რაიონებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე პარალელურ რეჟიმში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯგუფი სტიქიისგან სავარგულებისთვის მიყენებულ ზარალს, საგზაო დეპარტამენტი კი - ინფრასტრუქტურულ ზარალს ითვლიან.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა და წინასწარი მონაცემები ხვალისთვის უკვე ცნობილი იქნება“ - აღნიშნა მისაბიშვილმა.

მისივე თქმით, სოფელ ობუჯში არსებული ვითარება კვლავ რთულია, რადგან გარე სამყაროს კიდევ 60 ოჯახია მოწყვეტილი, ხოლო ჩხოროწყუში 8, თუმცა, მოსახლეობასთან დაკავშირებას და პროდუქტის მიწოდებას შემოვლითი გზებით ახერხებენ.

რაც შეეხება მეწყერსაშიშ ზონებს, გუბერნატორის თქმით, ამ დროისთვის მსგავსი ადგილებიდან მოსახლოება ევაკუირებულია.

სამეგრელოს რაიონებში რამდენიმე დღის წინ ძლიერი წვიმის გამო ასეულობით ოჯახი დაზარალდა, სოფელ ობუჯში კი - მეწყერი ჩამოწვა.

ბეჭდვა