საქართველოში დღეიდან სტამბოლის კონვენცია ძალაში შედის
საქართველოში დღეიდან სტამბოლის კონვენცია ძალაში შედის
13:00 01.09.2017
საქართველოში დღეიდან „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია ამოქმედდება, რომელიც ასევე ცნობილია სტამბოლის კონვენციის სახელწოდებით.

საგარეო უწყების შეფასებით, სტამბოლის კონვეციის ამოქმედება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ქალთა უფლებების უკეთ დაცვისა და განმტკიცების გზაზე, კონვენციის ამოქმედება ასევე გააუმჯობესებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობისგან და ოჯახში ძალადობისგან დაცვის სამართლებრივ და ინსტიტუციურ ჩარჩოს.


კონვენცია წარმოადგენს სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტს, რომელის მიზანია მსოფლიოში ქალების დაცვას, ძალადობის ყველა ფორმისაგან, ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციას, გამოძიებასა და აღმოფხვრას, ასევე ხელს უწყობს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას. კონვენცია ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ძალადობის მსხვერპლ ქალებს. დღევანდელი მდგომარეობით კონვენცია ძალაშია ევროპის საბჭოს წევრი 24 ქვეყნისთვის.



კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედებას, როგორც ეროვნულ,ისე საერთაშორისო დონეზე, კერძოდ,კონვენციის საფუძველზე, შეიქმნება ექსპერტთა სპეციალური ჯგუფი (GREVIO), რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ კონვენციისდებულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

სტამბოლის კონვენციის ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ შემუშავდა და მიღებულ იქნა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეეხო ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონის, სისხლის სამართლის კოდექსის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის,იურიდიული დახმარების შესახებ კანონის, პატიმრობის კოდექსის, საექიმო საქმიანობის შესახებ კანონის, შრომის კოდექსის, უცხოელთა დამოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონისა და სხვა აქტების დებულებებს.


ბეჭდვა