„კულინარიის საერთაშორისო ფესტივალზე“ ოქროს გრანპრი ქართულმა ალუბლის მურაბამ მოიპოვა
„კულინარიის საერთაშორისო ფესტივალზე“ ოქროს გრანპრი ქართულმა ალუბლის მურაბამ მოიპოვა
14:00 31.08.2017
აზერბაიჯანში „კულინარიის საერთაშორისო ფესტივალში“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა, საქართველოში მოქმედ კომპანიებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალში 25 ქვეყანა მონაწილეობდა, რომლებმაც საკუთარი სტენდი წარმოადგინეს, მათ შორის იყო ქართულიც. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული მურაბებით და მშრალი ხილით იყო წარმოდგენილი.


ფესტივალზე გამოფენილ პროდუქციას 15 კაციანი საერთაშორისო ჟიური აფასებდა. მთავარი ჯილდო - ოქროს გრანპრი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების მიერ დამზადებულმა ალუბლის მურაბამ მოიპოვა. ჟიურის მოწონება მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის მიერ დამზადებულმა მოცვის და კაკლის მურაბებმაც დაიმსახურა.

„კულინარიის საერთაშორისო ფესტივალი“ აზერბაიჯანის ეროვნული კულინარიული ასოციაციის მხარდაჭერით აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.




ბეჭდვა