ძველი თბილისის რაიონის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის ორგანიზება დღეიდან იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, წინამძღვრიშვილის ქუჩის მონაკვეთზე – კონსტიტუციის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩამდე ამჟამად არსებული მოძრაობა საწინააღმდეგო მიმართულებით შეიცვლება და ტრანსპორტი ცალმხრივად, კონსტიტუციის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს.
ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე ამჟამად არსებული ორმხრივი მოძრაობის მაგივრად დაწესდება ცალმხრივი მოძრაობა ხეთაგუროვის ქუჩიდან კონსტიტუციის ქუჩის მიმართულებით, ხოლო კლდიაშვილის ქუჩაზე არსებული ცალმხრივი მოძრაობა ორმხრივი მოძრაობით შეიცვლება.
ბაქოს ქუჩაზე შებრუნდება ტრანსპორტის მოძრაობა წინამძღვრიშვილის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით, ხოლო კარგარეთელის ქუჩაზე დაწესდება ცალმხრივი მოძრაობა დავით აღმაშენებლის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმართულებით.
თბილისის მერიის ცნობით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქუჩების ერთ მხარეს სატრანსპორტო საშუალებების პარკინგი მოეწყობა, შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით.
საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის შეცვლასთან დაკავშირებით ყველა ქუჩაზე ახალი საგზაო ნიშნებიც დამონტაჟდება.
