საერთაშორისო მისიებში დაშავებულ სამხედროებს ბეისბოლში ამხანაგური მატჩი მიეძღვნა
საერთაშორისო მისიებში დაშავებულ სამხედროებს ბეისბოლში ამხანაგური მატჩი მიეძღვნა
19:44 23.07.2017
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე დღეს საქართველოს ბეისბოლის ახალგაზრდულ ნაკრებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითთა გუნდ „მეომრებს“ შორის ბეისბოლში ამხანაგური მატჩი გაიმართა. სპორტული ღონისძიება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებულ მეომრებსა და დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას მიეძღვნა.
ამხანაგურ მატჩს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და სამშვიდობო მისიებში დაშავებული სამხედროები დაესწრნენ.
სპორტული ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ამხანაგური მატჩები ბეისბოლში საქართველოს ეროვნული, ასევე ახალგაზრდული ნაკრებებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გუნდების მონაწილეობით უკვე მეშვიდე წელია იმართება. სპორტული ღონისძიება მიზნად „დაშავებული ქართველი მეომრების პროგრამის“ შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებას ისახავს.

ბეჭდვა