თიანეთში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა
 თიანეთში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა
12:54 23.07.2017
თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარიძეებში საქართველოს ეროვნული გმირის, მფრინავ ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და ბიზნესმენმა თამაზ სომხიშვილმა მფრინავ ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი პირადად გახსნეს.
ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ლევან იზორიამ საქართველოს ეროვნული გმირის თავდადებაზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკის მშენებლობაში მიიღო მინაწილეობა.

დღესვე, მოწვეული სტუმრებისთვის ზურაბ იარაჯულის ფორმის და ფოტოების გამოფენა მოეწყო. საქართველოს ეროვნული გმირის პატივსაცემად კონცერტიც გამართა.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ნინუა, ზურაბ იარაჯულის მეგობრები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ზურაბ იარაჯული 1972 წლის 12 მარტს თბილისში დაიბადა. მერვე კლასში ზურაბი და მისი რამდენიმე მეგობარი აეროკლუბში გაწევრიანდნენ და ბოლნისში თვითმფრინავებს პირველად გაეცნენ. მან მისაღები გამოცდები ოჯახისგან მალულად ჩააბარა და 1988 წელს რუსეთში კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში მოხვდა.


ბეჭდვა