საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები
იმყოფებიან. ვიზიტის მიზანს საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის გამოცდილების გაზიარება და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობა წარმოადგენს.
დღეს, ბრიტანელ ექსპერტებს თავდაცვის მინისტრების მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა და გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლეს, სტუმრობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები გააცნეს.
ლელა ჩიქოვანმა სტუმრებს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტით (SDR) განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და ტოტალური თავდაცვის მიდგომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან; დაგეგმილია ვიზიტი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაშიც (DIB).
ბრიტანელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და კონფლიქტის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ფონდის ორგანიზებით განხორციელდა.
