თავდაცვის უწყებაში კურსი „კეთილსინდისიერების ამაღლება სამშვიდობო ოპერაციებში“ გაიხსნა
თავდაცვის უწყებაში კურსი „კეთილსინდისიერების ამაღლება სამშვიდობო ოპერაციებში“ გაიხსნა
15:59 06.06.2017
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) საორიენტაციო კურსი დაიწყო. ტრენინგი - კეთილსინდისიერების ამაღლება სამშვიდობო ოპერაციებში - საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან. კურსი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენელმა, ბენედიქტ ბორელმა გახსნეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მონაწილეებს სიტყვით DIB-ის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რეურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, დავით გუნაშვილმა მიმართეს და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს. კურსის მიზანს სამხედრო მოსამსახურეებში ცნობიერების ამაღლება, კორუფციის რისკების, მათი პრევენციის ზომებისა და იმ სპეციფიკის გაცნობა წარმოადგენს, რაც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩართული სამხედრო მოსამსახურისთვის მნიშვნელოვანია.
ოთხდღიანი ტრენინგის განმავლობაში ბოსნია და ჰერცეგოვინას შეიარაღებული ძალების მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციათა ცენტრის (PSOTC) წარმომადგენლები ჯარისკაცებს საერთაშორისო ანტიკორუფციული ინსტრუმენტების, შეიარაღებულ ძალებში ქცევის კოდექსისა და გარკვეული სტანდარტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ტრენინგი პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით წარიმართება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან აქტიურად არის ჩართული ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაში (Building Integrity Program), რომლის ფარგლებშიც თავდაცვის სისტემაში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული ცნობიერების გაძლიერების მიზნით, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამები ხორციელდება.

ბეჭდვა