ეროვნული თავდაცვის აკადემია 24 წლისაა
ეროვნული თავდაცვის აკადემია 24 წლისაა
11:30 29.05.2017
დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვისაკადემიაში აკადემიის 24 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის წარმომადგენლებს აკადემიის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ მიულოცეს.
ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და აკადემიის რექტორმა აკადემიის პირადი შემადგენლობა სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის დააჯილდოვეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის I ხარისხის მედალი 4 სამხედრო მოსამსახურეს, ხოლო II ხარისხის მედალი 15 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა. დღესვე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ეროვნული თავდაცვის აკადემიის 3 სამხედრო მოსამსახურეს სახელობითი იარაღი გადასცა.
დაჯილდოვდნენ წარჩინებული იუნკერებიც, რომლებმაც სხვადასხვა სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებაში თავი გამოიჩინეს. ასევე, საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში კომპანია ტაიმერჯორჯიას წარმომადგენელმა წარჩინებულ 5 იუნკერს საჩუქრად საათები გადასცა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუბილის აღნიშვნა იუნკერების მიერ ორგანიზებული კონცერტით, სპორტული აქტივობებით და საზეიმო მიღებით დასრულდა.

ბეჭდვა