საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის
პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დანიის სამეფოს შიდაგვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინუინ კლერს შეხვდნენ.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე დანიის სამეფოს შიდა გვარდიასა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი თემა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საქმიანობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები იყო. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები და განათლების კუთხით განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
ვიზიტის პირველი დღე დანიელმა გენერალმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობით დაასრულა. გენერალ-მაიორ ფინუინ კლერს ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ უმასპინძლა. მან სტუმრებს JTEC-ის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და განხორციელებული სწავლებებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მოგვიანებით, დანიელმა სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
გენერალ-მაიორი ფინუინ კლერი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში. გენერალ-მაიორი უინკლერი დანიის სამეფოს შიდაგვარდიის მეთაურის სტატუსით საქართველოში ბოლოჯერ იმყოფება, ის აღნიშნულ თანამდებობას ტოვებს.
