უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ დასრულდა
უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ დასრულდა
15:17 10.02.2017
კრიზისის მართვაზე ორიენტირებული უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ დასრულდა.
დასკვნითი ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „კოლხიდა 2017“-ის ხელმძღვანელებმა სწავლება შეაჯამეს და რეკომენდაციები შეიმუშავეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი, მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

ტრენინგი მიზნად ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფის დროს უწყებათშორის კოორდინირებულ მოქმედებას, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებასა და კრიზისებზე რეაგირებას ისახავდა. სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე დაგეგმილი სწავლების მართვის ცენტრები სამ ლოკაციაზე იყო გაშლილი. სწავლების პროცესში კრიზისზე რეაგირების საკითხები მთავრობის წარმომადგენლებაც განიხილეს.

ქართულ-ამერიკული ტრენინგი სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართა. სტიქიური უბედურების ადგილად ქობულეთის ტერიტორია იყო გამოცხადებული. სცენარის მიხედვით, მიწისძვრის შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობები დაზიანდა. კრიზისის ლოკალიზების მიზნით უწყებებს კოორდინირებულად უნდა ემოქმედათ.

უწყების ცნობითვე, საქართველოში სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო სიტუაციების (CMEP) უწყებათშორისი ხუთდღიან სწავლებაში - „კოლხიდა 2017“ სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვარის“ წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიამ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ გაუწია ორგანიზება. უშუალო მხარდაჭერა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულმა გვარდიამ, აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ და საინჟინრო კორპუსმა უზრუნველყო.



ბეჭდვა