თავდაცვის სამინისტრო აღლუმის მიმდინარეობის გეგმას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო აღლუმის მიმდინარეობის გეგმას ავრცელებს
10:43 26.05.2012
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი დღეს ქუთაისში 18:00 საათზე დაიწყება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღლუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების  თითქმის ყველა ქვედანაყოფი, სულ 5 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
აღლუმზე საქართველოს პრეზიდენტს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს პირადი შემადგენლობის აღლუმისთვის მზადყოფნას აღლუმის ხელმძღვანელი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე მოახსენებს.
სამხედრო საზეიმო მსვლელობამდე შესრულდება რამდენიმე მუსიკალური ნომერი.
სახელმწიფო ჰიმნს ანა ხანჩალიანი თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის თანხლებით შეასრულებს.
სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულები საზეიმოდ დადებენ ფიცს.
შემდეგ გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია.
აღლუმზე წუთიერი დუმილით ქვეყნის ერთიანობისათვის და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
სამხედრო აღლუმს მედროშეთა კოლოფი გახსნის, რომელსაც გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი წარუძღვება. მედროშეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები მიყვებიან.
კადეტების შემდეგ, საზეიმო მსვლელობას ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები განაგრძობენ.
აკადემიის მსმენელებს გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობისგან დაკომპლექტებული სააღლუმე კოლოფი მიჰყვება.
ზეიმის მსვლელობაში შემდეგი სახმელეთო ჯარების საავიაციო ქვედანაყოფების სააღლუმე კოლოფი იქნება.
აღლუმისის საზეიმო მსვლელობაზე სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები გამოვლენ. მათ შორის, I, II, III, IV და V ქვეითი ბრიგადა, ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი, ცალკეული სამთო-სადაზვერვო ბატალიონი, სპეციალური ოპერაციების ძალები.
აღლუმის შემადგენლობაში ასევე, საარტილერიო ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან. საარტილერიო ბრიგადები სახმელეთო ჯარების ძირითად მხარდამჭერ ელემენტებებს წარმოადგენენ.
აღლუმის საზეიმო მსვლელობას დახურავს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.
აღლუმში მონაწილე ქვეითი პირადი შემადგენლობის შემდეგ საზეიმო მსვლელობას შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და საფრენი აპარატები განაგრძობს.
აღლუმის საზეიმო მსვლელობაში პირველად მიიღებენენ მონაწილეობას მუხლუხოებიანი ქვეითთა საბრძოლო „ლაზიკა“, უპილოტო საჰაერო სისტემა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. აღნიშნული სამხედრო ტექნიკა საქართველოშია დამზადებული.
სამხედრო აღლუმი წელს ქუთაისში პირველად ტარდება. გასულ წლებში იგი თბილისში, პარლამენტის წინ იმართებოდა. წელს ქუთაისში პარლამენტის ახალ შენობაში პირველი საზეიმო სხდომაც ჩატარდება. სწორედ სხდომის დასრულების შემდეგ დაიწყება სამხედრო აღლუმი.

ბეჭდვა