საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ერთი მეზღვაური ISAF-ის მისიისთვის ქართველი სამხედროების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედლებით პოლკოვნიკი ქრისტოფერ მაკკარტი, ვიცე-პოლკოვნიკი დანიელ თოელე, მაიორი ჯოშუა ანდერსონი, კაპიტანი არლონ სმიტი და შტაბის სერჟანტი ევერეტ ბრაუნი დაჯილდოვდნენ. თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ჯილდო მეორე კლასის უნტერ ოფიცერს რაიან ტილეის გადაეცა.
მათ მედლები ISAF-ის მისიის შესრულების დროს დაჭრილმა 31-ე ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ტუღუშმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონია საზღვაო ქვეითთა კორპუსის საექპედიციო ბაზა „ფორტ სტორიზე“, აშშ-ში ვირჯინიაში გაიმართა.
როგორც სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამერიკელმა სამხედროებმა სამშვიდობო მისიისთვის ქართველი ჯარისკაცების მომზადების პროგრამის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
ISAF – ის მისიისთვის მომზადების პროგრამა (GDP-ISAF) წვრთნისა და აღჭურვის მისიაა, რომლის ფარგლებშიც ავღანეთში გაგზავნამდე ოთხი ქართული ქვეითი ბატალიონი მომზადდა.
