თავდაცვის რეზერვი ორ კატეგორიად დაიყოფა
თავდაცვის რეზერვი ორ კატეგორიად დაიყოფა
13:53 27.04.2012
თავდაცვის რეზერვი მასზე დაკისრებული ამოცანების შესაბამისად ორ კატეგორიად იყოფა - სახმელეთო ჯარების რეზერვი და ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი. ამის შესახებ „საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის“ პროექტშია ნათქვამი, რომელიც დღეს პარლამენტის 6 კომიტეტის სხდომაზე განიხილება.

სახმელეთო ჯარების რეზერვის ძირითადი ამოცანაა საომარი მოქმედებების დროს შეიარაღებული ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში, მათი სრულფასოვანი ჩანაცვლება. ასევე, სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, რაც შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის გეგმებისა და მითითებების მიხედვით განხორციელდება.

სახმელეთო ჯარების რეზერვი სავალდებულო ან ნებაყოფლობით გაწვევის პრინციპით კომპლექტდება.

რაც შეეხება ტერიტორიული თავდაცვის რეზერვს, ის საომარი მოქმედებების დროს ძირითადად პასუხისმგებელია სამოქალაქო თავდაცვისა და ზურგის ოპერაციებზე. საჭიროების შემთხვევაში კი, სახმელეთო ჯარების რეზერვს ეხმარება. კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი დახმარებას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი კომპლექტდება ნებაყოფლობითობის საფუძველზე.

კონცეფციის პროექტის თანახმად, საქართველოს პრიორიტეტს წარმოადგენს რეზერვის ისეთი სისტემის განვითარება, რომელიც ომის შემთხვევაში შესძლებს ქვეყნის ტერიტორიის და მოსახლეობის დაცვისათვის საჭირო ამოცანები შეასრულოს, ხოლო ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს დახმარება აღმოუჩინოს სამოქალაქო ხელისუფლებას.

6 კომიტეტის სხდომაზე კონცეფციას დეპუტატებს უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი გააცნობს. შემდეგ კი, მას პრეზიდენტი დაამტკიცებს.


ბეჭდვა