ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ სამხედროებს ბაზაზე ეწვია და მადლობა გადაუხადა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა, ჰელმანდის პროვინციაში ქართულ სამხედრო ბაზაზე "შუკვანი", 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და ავღანეთში დაჭრილი ვიცე-პოლკოვნიკის ალექსანდრე ტუღუშის წერილი წაუკითხა.
31-ე ბატალიონის ჯარისკაცები ავღანეთში სამშვიდობო მისიას 2011 წლის ნოემბერიდან ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ასრულებენ.
პანეტა ავღანეთს მოულოდნელად გუშინ ეწვია. მინისტრის თვითმფრინავის ავღანეთში დაშვების პარალელურად, საფრენი ბილიკის მახლობლად, ავტომობილი აფეთქდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავღანეთის მოქალაქემ ბრიტანელ სამხედროს სატვირთო მანქანა მოპარა, ნატო-ს სამხედროებს შეებრძოლა და თხრილში გადავარდა. ის მიღებული დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა.
