ალასანიას შეფასებით, მომავალი წელი ნატო-სთან საქართველოს დაახლოებისთვის გადამწყვეტი იქნება
ალასანიას შეფასებით, მომავალი წელი ნატო-სთან საქართველოს დაახლოებისთვის გადამწყვეტი იქნება
17:58 18.10.2012
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას შეფასებით, მომდევნო წელი ნატო-სთან საქართველოს დაახლოების კუთხით გადამწყვეტი იქნება.

ამის შესახებ ალასანიამ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აპატურაისთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ალიანსისა და საქართველოს თანამშრომლობას, თავდაცვის სამინისტროსა და ნატო-ს ურთიერთობას და იმ რეფორმებს, რაც თავდაცვის უწყებაში უნდა განხორციელდეს, რათა ქვეყანამ სრულ სამოქალაქო კონტროლს და სისტემების ტრანსპარენტულობას მიაღწიოს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ჯერ კიდევ ბევრი მექანიზმი არსებობს, რომელიც ურთიერთობის გაღრმავებისთვის ბოლომდე ათვისებული არ არის.

ალასანიას განმარტებით, ერთ-ერთი ასეთი ტექნიკური მექანიზმია თავდაცვით უწყებებს შორის კავშირების გაღრმავება. რასაც, როგორც მან აღნიშნა, ახალი მთავრობა აითვისებს და მომავალში, როდესაც მსგავსი შეხვედრები კვლავ შედგება, კიდევ უფრო მეტი სიცხადე შევა ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობაში.

მისივე თქმით, აპატურაიმ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობას ავღანეთის მისიაში.

„ასევე, მაღალი შეფასებები აქვს ზოგადად ჩვენი ურთიერთობის მომავალს. მგონია, რომ მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება ალიანსთან დაახლოების კუთხით კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაში. ამას კი, ოქტომბრის არჩევნებმა და ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი“ - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიდგომა, რომ ვიდრე ავღანეთში მისია არ დასრულდება, საქართველო იქ თავის შენაერთებს შეინარჩუნებს.


ბეჭდვა