ჯუანშერ ბურჭულაძე: სულ მალე ყველა ბაზაზე ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვექნება
ჯუანშერ ბურჭულაძე: სულ მალე ყველა ბაზაზე ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვექნება
16:05 22.07.2021
„სულ მალე ჩვენ გვექნება ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ყველა ბაზაზე“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ 2021 წლის ბოლომდე ისეთი მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდება, როგორიც ვაზიანის, სენაკის, კრწანისის, ქუთაისის კადეტთა კორპუსის, გორისა და საარტილერიო ბაზებია. „ასევე, არსებითი ნაბიჯები გადაიდგა და მომავალშიც გაგრძელდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, მათ შორის, სასწავლო-საწვრთნელი ბაზის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარების მიმართულებები“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და საბჭოთა მოძველებული ტექნიკა უახლესი სატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდა. „დღეისათვის თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს 500 ერთეულამდე მსოფლიო ბრენდების, გერმანული „მანი“, იტალიური „ივეკო“ და ამერიკული „ფორდის“ მარკის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა. ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ. ჩვენ ეტაპობრივად განვაახლებთ საბჭოთა მოძველებულ ტექნიკას და თანდათანობით ჩვენი ქვედანაყოფები უახლესი, მსუბუქი და მაღალი გამავლობის სპეცტექნიკით აღიჭურვება“, - აღნიშნა მან.

ბეჭდვა