ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ქართველ სამხედროებს ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ქართველ სამხედროებს ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა
15:06 25.09.2012
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ოპერაციების დარგში, ელჩმა სტეფან ევანსმა  საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, დღეს ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“ დაათვალიერა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი შაშკინმა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს.

ქართველ სამხედროებთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით ქართველი სამხედროები დიდ გამოცდილებას იღებენ, რითიც ძლიერდება ქართული არმია. ამავდროულად, ISAF-ის მისიაში წვლილის შეტანა მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის.

„ჩვენი მთავარი ამოცანა ნატოში ინტეგრაციაა, რადგან ეს არის ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტია. ამ რთულ გზაზე თქვენი წვლილი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან თქვენი იქ ყოფნა, ერთი მხრივ, აძლიერებს ქართველ ხალხს, მეორე მხრივ, კი მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ჩვენი კონტრიბუცია ნატო-ს ოპერაციაში და მისკენ გადადგმული ნაბიჯი“ - აღნიშნა შაშკინმა.

თავის გამოსვლაში სტეფან ევანსმა ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ ეამაყება იმ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრა, რომლებიც მომავალი წლის მარტში სამშვიდობო მისიას შეასრულებენ ავღანეთში.

ბეჭდვა