დიმიტრი შაშკინმა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები სპეციალური მედლებით დააჯილდოვა
დიმიტრი შაშკინმა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები სპეციალური მედლებით დააჯილდოვა
18:07 22.09.2012
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები სპეციალური მედლებით - „სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის“ დააჯილდოვა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედლები იმ სამხედრო მოსამსახურეებს და რეზერვისტებს გადაეცათ, რომლებმაც კახეთში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციაში მიიღეს მონაწილეობა.

სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი შაშკინმა სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გადაუხადა მადლობა.

„ქართული არმია არც ომში და არც მშვიდობიან დროს არც ერთ ადამიანს არ მიატოვებს. კახეთში სტიქიის დროს ქართული ჯარი ბოლომდე იდგა იქ, სადაც სამშობლოს სჭირდებოდა“- განაცხადა შაშკინმა.

კახეთში სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ლიკვიდაციის პროცესში, IV და V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, სამშენებლო ბრიგადა, საინჟინრო ბატალიონი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის კადრირებული ბატალიონის პირადი შემადგენლობა და 1000-ზე მეტი რეზერვისტი იყო ჩართული. მთლიანობაში სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე და მისი პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე დაესწრნენ.



ბეჭდვა