მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში სპორტული კვირეული გაიხსნა
მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში სპორტული კვირეული გაიხსნა
10:54 27.04.2021
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში სპორტული კვირეული გაიხსნა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ლელა ჩიქოვანმა და კობა კობალაძემ შეჯიბრში მონაწილე სამხედროებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს. სპორტული კვირეული, დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მონაწილეობით პარაფრენბურთით გაიხსნა.

თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეჯიბრში მონაწილეობას თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ომის ვეტერანებიც იღებენ. შეჯიბრებები პარაფრენბურთში, ტექბოლში, ველორბოლა-პარაველოში, პისტოლეტით სროლაში, მკლავჭიდში, ნიჩბოსნობაში, პარაკალათბურთში და სხვა სპორტულ სახეობებში გაიმართება. ღონისძიების მიზანი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ცნობადობის ამაღლება, თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების წარმოჩენა და რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას მუდმივად უჭერს მხარს.

თავდაცვის უწყება სისტემატიურად უზრუნველყოფს მათ ჩართულობას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში.

ბეჭდვა