საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, მერილენდის შტატის ქალაქ ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრს ესტუმრა.
მინისტრმა ავღანეთში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის დროს დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა და მათი რეაბილიტაციის კურსის მიმდინარეობას გაეცნო. ასევე, ის ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს გაესაუბრა, რომლებიც აშშ-ში სახელმწიფოს დაფინანსებით იმყოფებიან და ქართველ ჯარისკაცებს რეაბილიტაციის პროცესში ეხმარებიან.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 3T კონცეფციის ფარგლებში, სამშვიდობო მისიისას დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები სახელმწიფოსგან სექტემბერში ბინებს საჩუქრად მიიღებენ.
სამხედრო ჰოსპიტალის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელი საზღვაო ქვეითი ძალების ბაზა „კვანტიკოს“ ესტუმრა. სამხედრო ბაზაზე დიმიტრი შაშკინი ამერიკელ საზღვაო ქვეითებსა და სამეთაურო-საშტაბო და საექსპედიციო ბრძოლის წარმოების სკოლის ქართველ სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრაზე მან ქართველ სტუდენტებთან და ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ავღანეთის სამშვიდობო მისიასა და ISAF-ში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამერიკელმა მარინებმა აღნიშნეს, რომ ქართველი ჯარისკაცების მომზადების და კვალიფიკაციის დონე ძალიან მაღალ სტანდარტებს შეესაბამება და მათ მსოფლიოს უსაფრთხოებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ.
ბაზაზე დიმიტრი შაშკინისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების პოლკოვნიკის ერიკ სმიტის შეხვედრაც გაიმართა. პოლკოვნიკი ერიკ სმიტი ავღანეთში იმ საბრძოლო ქვედანაყოფებს მეთაურობს, რომლის შემადგენლობაშიც ქართული სამშვიდობო კონტინგენტი მისიას ასრულებს.
