საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის დროს სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა და თავდაცვის სფეროში ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, ახალ 3T კონცეფციაზე, აშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე, რომელიც თავდაცვის სფეროში გაღრმავებულ თანამშრომლობას გულისხმობს.
სენატორმა მაკკეინმა თავდაცვის საკითხებზე თანამშრომლობის კუთხით მზადყოფნა გამოთქვა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მთავრობას მხარდაჭერა აღუთქვა.
სენატორი მაკკეინი 1986 წლიდან აშშ-ის სენატის წევრია. ამასთან, იგი შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის წამყვანი წევრიცაა. აღნიშნული კომიტეტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ზედამხედველობს.
