საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის თავდაცვის სფეროში მიღწეული ექვსპუნქტიანი გეგმის
პრაქტიკული განხორციელებისათვის, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სპეციალური ექსპერტთა ჯგუფი ეწვია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექვსპუნქტიანი გეგმის იმპლემენტაციით, აშშ-საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ახალ ეტაპზე გადადის. თავდაპირველად კი, ამერიკელი ექსპერტები საქართველოს საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარებიან.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათი ვიზიტის მიზანს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ადგილზე შესწავლა და პოტენციური საშიშროებიდან გამომდინარე, არსებული მდგომარეობის ანალიზი წარმოადგენს.
არსებული სიტუაციის შესწავლის შემდეგ, მეორე ეტაპზე, ამერიკელი ექსპერტები საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების დოქტრინის შემუშავებაზე დაიწყებენ მუშაობას. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, გაზრდასა და განვითარებას.
ამერიკელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ დოქტრინაში დეტალურად იქნება გაწერილი ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებითაც საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა და განვითარება მოხდება.
მესამე ეტაპზე ამერიკელი ექსპერტების მიერ შემუშავებული დოქტრინის იმპლემენტაცია დაიწყება.
აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია - ოპერატიული საჰაერო კონტროლისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში წვრთნა და განათლება; საბრძოლო თავდაცვითი საინჟინრო წვრთნა და განათლება; მხარდამჭერი ვერტმფრენების მიმართულებით წვრთნა და განათლება; სანაპირო დაცვის კონტროლის სფეროში წვრთნა და განათლება; სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების ინსტრუქტორების მომზადება ტაქტიკურ დონეზე; ბრიგადის მმართველობისა და შტაბის წვრთნა და განათლება.
თავდაცვით საინჟინრო საკითხებში ქართველი სამხედრო ინჟინრების წვრთნისა და მომზადების მიზნით, სექტემბერში კიდევ ერთი სპეციალური ჯგუფი ჩამოვა, რომლებიც ქართულ საინჟინრო ბრიგადას შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ექვსპუნქტიანი გეგმის განხორციელებას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაში. აშშ-საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციით საქართველოს უსაფრთხოება დაცული იქნება სამივე მიმართულებით - ჰაერიდან - საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებით, წყლიდან - სანაპირო დაცვის კონტროლით და ხმელეთიდან - საინჟინრო მიმართულების გაძლიერებით.
