საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ქართველი
სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში გააცილეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოფიციალური ცერემონია შერეულ საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და საქართველოს მთავრობას ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების 32-ე და 12-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონები მიემგზავრებიან.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას.
ისინი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, 6 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ. ქართველი სამხედრეობის ამოცანას ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა წარმოადგენს. ქართულმა ბატალიონებმა მისიისთვის სპეციალური მომზადება გაიარეს. ექვსი თვის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადის ხელმძღვანელობით, მათ ინტენსიური მომზადება კრწანისის სასწავლო ცენტრში გაიარეს. საქართველოს შემდეგ სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) მომზადდნენ.
