პრეზიდენტმა ვაზიანში ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემა გამოსცადა
პრეზიდენტმა ვაზიანში ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემა გამოსცადა
14:15 03.03.2012
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დღეს ქართული წარმოების ახალი ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.  ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რეაქტიული სისტემის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების დემონსტრირებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია დაესწრნენ.

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, საკომანდო პუნქტების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად არის განკუთვნილი.

საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება, პოზიციის წინასწარი მომზადების გარეშე და გათვლის კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპის განსახორციელებლად საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს.

მანქანას დაჯავშნული კაბინა გააჩნია, რომელიც მასში მყოფ ხუთკაციან გათვლის დაცვას, ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან უზრუნველყოფს.
მიმმართველების რაოდენობა - 40-დან 80 ერთეულამდე, რეაქტიული ჭურვის კალიბრი - 122 მმ, მიმმართველებიანი პაკეტის ამაღლების კუთხე - მინიმალური - 0 გრადუსი, მაქსიმალური - 60 გრადუსი, ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე - შასიდან მარჯვნივ - 80 გრადუსი, შასიდან მარცხნივ - 120 გრადუსი. სრული ზალპის ხანგრძლივობა 20 წმ. სროლის სიშორე რაკეტის ტიპიდან გამომდინარე - მინიმალური - 1000 მ, მაქსიმალური - 40 000 მ. მანქანის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ. სვლის მარაგი-500 კმ. გათვლა - 5 კაცი. ის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" ბაზაზე შეიქმნა.

ბეჭდვა