რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე დღეს სამტრედიაში დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
მიხეილ სააკაშვილმა დაღუპულის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.
ვლადიმერ ხვედელიძე გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. ორდენი დაღუპულის ოჯახის წევრებს გადაეცა.
საქართველო-რუსეთის საზღვართან ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 3 ქართველი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და ერთი სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე დაიღუპნენ.
სოლომონ წიკლაური 2 სექტემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ რუსიანში, არჩილ ჩოხელი კი, დღეს მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში დაკრძალეს.
