„დაღესტნის საზღვარზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ სამთავრობო სტრუქტურები არასრულყოფილ ინფორმაციას ავრცელებენ,
რის გამოც აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი რამის გაგება რთულია“ - ამის შესახებ „ნიუსპრესს“ სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა განუცხადა.
„როცა შეიარაღებული ჯგუფი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს, ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ მისმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ეს ჯგუფი გაანეიტრალონ, თავიდან მოლაპარაკების, შემდეგ კი ძალისმიერი მეთოდებით, როგორც ჩანს სწორედ ასეთი რამ მოხდა გუშინ და გუშინწინ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო თუ ვინ არის ეს ჯგუფი რა ეროვნების ხალხითაა დაკომპლექტებული და ამის შემდეგ უფრო ადვილი იქნება რაიმეს თქმა აღნიშნულთან დაკავშირებით “- განაცხადა ალადაშვილმა.
მისივე თქმით რთულია საუბარი სპეცოპერაციის წარმატებულობაზე მაშინ, როცა 5 ჯარისკაცი დაჭრილია, 3 კი გარდაცვლილი .
„სპეცოპერაცია მაშინ იქნებოდა წარმატებული თუ ეს ჯგუფი მაშინვე იქნებოდა დაფიქსირებული და განეიტრალებული მესაზღვრეების მიერ, სანამ ისინი მძევლებს აიყვანდნენ“- განაცხადა ალადაშვილმა.
დაღესტნის ტერიტორიიდან გადმოსული დივერსიული ჯგუფის დარჩენილი 6 წევრის დევნა ამ დრომდე გრძელდება.
სპეცოპერაციის დროს ქართველი ძალოვანების მიერ ლიკვიდირებულია დივერსიული ჯგუფის 11 წევრი. დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვლადიმერ ხვედელიძე.
დაჭრილი 5 ჯარისკაცი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობას.
