ლაფანყურში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი დაღუპული კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძეა
ლაფანყურში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი დაღუპული კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძეა
17:27 29.08.2012
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დღეს კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე დაიღუპა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო კაპრალი ხვედელიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

განცხადების თანახმად, კაპრალი ხვედელიძე სპეციალური ოპერაციების ძალებში ექიმად მსახურობდა.

„გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს“ - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-მ ლაფანყურში მძევალთა გათავისუფლების სპეცოპერაცია დაასრულა. დივერსანტთა ჯგუფის დევნის ოპერაცია კი, ამ დრომდე გრძელდება.

ლაფანყურის ტყეში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად დივერსანტთა ჯგუფის 11 წევრია ლიკვიდირებული. დევნის ოპერაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი დაიღუპა და 5 დაიჭრა.

საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, შეიარაღებული ჯგუფის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღესტნიდან დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 პირის გარდა, მძევალთა კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა. მათ გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია წუხელ ღამის განმავლობაშიც მიმდინარეოდა.

ბეჭდვა