თავდაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ კადრებზე განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ კადრებზე განცხადებას ავრცელებს
14:09 25.08.2012
თავდაცვის სამინისტრო დღეს მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაში სახელწოდებით - „სამხედრო ტექნიკა სამტრედიაში“ ასახულ კადრებთან  დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოებისთვის მიწოდებული ვიდეომასალა ბევრი ინსინუაციების გაკეთების შესაძლებლობას ტოვებდა.

განცხადების თანახმად, გავრცელებული კადრები სინამდვილეში ორფოლოს პოლიგონზე ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის გადაადგილებას ასახავს, სადაც წვრთნები მიმდინარეობს.

„თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედია საშუალებებს არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და ინფორმაციის გავრცელებამდე ის სამინისტროს შესაბამის უწყებაში გადაამოწმონ“ - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტროს 3T-ს კონცეფციიდან გამომდინარე, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ტოტალური წვრთნაა, ჯარი მუდმივი წვრთნის რეჟიმში იმყოფება.

ვიდეომასალა დღეს საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-მ გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, დღეს გამთენიისას, დაახლოებით 06:35 საათზე სამტრედიაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მძიმე ტექნიკა ტანკები, სამხედრო მანქანები და სამხედრო პირები შეინიშნებოდა.

ბეჭდვა