თავდაცვის მინისტრმა ISAF-ის მისიაში მონაწილე სამხედროები დააჯილდოვა
თავდაცვის მინისტრმა ISAF-ის მისიაში მონაწილე სამხედროები დააჯილდოვა
14:42 11.08.2012
საერთაშორისო უსაფრთხოების კოლექტიური ძალების (ISAF) მისიაში მონაწილე მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე და 33-ე ბატალიონის სამხედროები სახელმწიფო და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს სამშვიდობო მისიაში მონაწილე 592 ჯარისკაცს სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის სპეციალური მედალი - „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ დღეს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადასცა.
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა კაპიტანი პაატა ნაკანი, ხოლო კაპიტნებს - ბორის ჩარქსელიანს, აკაკი ნადირაძესა და ზაზა გორგოძეს ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენები გადაეცათ. მათ აღნიშნული ჯილდოები ავღანეთის ISAF-ის მისიაში ოპერაციების წარმატებით შესრულებისთვის მიენიჭათ.
სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, დაჯილდოვდნენ ვიცე-პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, ვიცე-პოლკოვნიკი დავით გვალია და უფროსი ლეიტენანტი გიორგი ჯალაღონია. მათ მედლები „მხედრული მამაცობისთვის“ გადაეცათ, ხოლო 23 სამხედრო მოსამსახურე სპეციალური მედლებით - „საბრძოლო დამსახურებისთვის’“ დაჯილდოვდა, 43 სამხედროს კი, უწყებრივი მედლები გადაეცა.
როგორც დაჯილდოების ცერემონიაზე თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო ყოველთვის დააფასებს იმ სამხედროების ღვაწლს, რომლებსაც ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, ISAF-ის მისიაში მონაწილეობით, მსოფლიოს უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შეაქვთ წვლილი.

ბეჭდვა