თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია სიფრაშვილი-ლიმ დღეს საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის
ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და სამხედრო კოორდინატორი პოლკოვნიკი ზბიგნევ პრაშჩალეკი მიიღო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაია სიფრაშვილი-ლიმ სტუმრებს სამინისტროს ახალი 3T-ს კონცეფცია გააცნო.
თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო დოკუმენტი ე.წ. 3T-ს პრინციპს ეფუძნება და ტოტალურ ზრუნვას, ტოტალურ წვრთნასა და ტოტალურ თავდაცვას გულისხმობს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტოტალურ ზრუნვაზე, რომელიც ძალაში 2013 წლამდე ეტაპობრივად შევა და სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებზე ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხებში სახელმწიფოს მხრიდან სრულ დახმარებას ითვალისწინებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებზე სახელმწიფოს მხრიდან ტოტალური ზრუნვის კომპონენტებია ჯანდაცვა, განათლება, შეღავათები ტრანსპორტზე, ფინანსური წახალისება, საბანკო შეღავათები, და დასაქმება, ასევე, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და დასვენება.
ამასთან, კონცეფციის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეიქმნება რეფერალური ფონდი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, სამხედროებისა და მათი ოჯახების სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას მოხმარდება.
სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ჯანდაცვის მომსახურების სრული პაკეტის შეთავაზების გარდა, სამინისტრო სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის განათლების ხელმისაწვდომობაზეც იზრუნებს.
კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან ბაკალავრიატში 4 წლიან სწავლებას ყველა იმ პირს დაუფინანსებს, რომელმაც უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, სახელმწიფო გრანტი ვერ მოიპოვა და ვერც სწავლის საფასურს იხდის. ასეთ პირებს, თავდაცვის სამინისტრო ჯარში ერთწლიან სავალდებულო სამსახურს სთავაზობს, რის შემდეგაც მისი სწავლება სრულად დაფინანსდება. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება საკონტრაქტო სამსახურს მეორე ვადითაც გააგრძელებს, მას თავდაცვის სამინისტრო მაგისტრატურაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს.
სამხედროებს უფასოდ გადაეცემათ კომპიუტერის, ინგლისური ენისა და ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში ქართული ენის სწავლების ვაუჩერი, ასევე, პროფესიული სწავლების ვაუჩერი.
კონცეფციის თანახმად, შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების საზღვარგარეთ სამხედრო სასწავლებლებში სწავლების ხარჯებს დაფარავს. სამხედროებისთვის ასევე, განათლების უზრუნველყოფის საოჯახო პაკეტიც ამოქმედდება. ამავდროულად, ისინი მუნიციპალურ ტრანსპორტში სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ.
