საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, გორში,
საცხოვრებელი ფართით 180 სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდება. მშენებლობის დასრულების პროცესი კი სექტემბრამდე იგეგმება.
დღეს ბინების მშენებლობის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი გაეცნო, ტერიტორია დაათვალიერა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მიიღო.
როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, საცხოვრებელი ბინების ჩაბარებამდე გალამაზდება გარე პერიმეტრი, მოეწყობა პარკირება, ყველა კორპუსთან იქნება პანდუსები, დაიგება და მოპირკეთდება კორპუსებამდე მისასვლელი გზაც.
კონტრაქტის საფუძველზე, 2013 წლიდან დღემდე ბინით 1724 სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სამხედრო მოსამსახურეებისათვის კონტრაქტით გათვალისწინებული ბინების გადაცემის პროცესი 2020 წელს მთლიანად დასრულდება.
