შევძელით და ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისკენ - ლევან იზორია
შევძელით და ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისკენ - ლევან იზორია
17:03 04.04.2019
ჩვენი პოლიტიკით შევძელით, რომ, ძირითადად, ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისკენ , - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

ლევან იზორიამ ისაუბრა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტებზე, რაზეც მიმართულია ბიუჯეტი - ქვედანაყოფების დაკომპლექტება, აღჭურვა წვრთნა და შენარჩუნება. „თუ ბიუჯეტის 2/3 იყო სოციალური, პერსონალური ხარჯებისთვის გათვალისწინებული, ჩვენ პრინციპული რეფორმების შედეგად, შევძელით ის, რომ დღეს თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი მიმართულია ძირითადი შეიარაღების შესყიდვისკენ, თავდაცვის მზადყოფნის ამაღლებისკენ. მინდა გითხრათ თუ რა კომპონენტებია მნიშვნელოვანი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, ეს არის: ქვედანაყოფების დაკომპლექტება, აღჭურვა, მუდმივი წვრთნა და ამ ყველაფრის შენარჩუნება, ანუ ინტიტუციური მექანიზმების შექმნა“.

მინისტრის შეფასებით, ბიუჯეტის განაწილება ნატოს სტანდარტების შესაბამისად ხდება - „დღეს ბიუჯეტის მართვა არის, სწორედ, გონივრული განაწილება და ნატოს სტანდარტებთან დაახლოება. ნატოს სტანდარტის მიხედვით, პერსონალურ და სოციალურ ხარჯებზე ბიუჯეტი 55%-ის ფარგლებშია, წელს ჩვენ ამ მიმართულებით 48% გვაქვს. შეიარაღების მიმართულებით გადავაჭარბეთ ნატოს სტანდარტს და გვაქვს 24%, რაც ხაზგასმით აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მისი განცხადებით, საქართველო უკვე აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც ფინანსური კუთხით დღეს ნატოსთვის მთავარი სტანდარტია. საქართველო ხარჯავს დღეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვის ბიუჯეტისთვის, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გონივრულად ხარჯავს ამ 2%- ის ფარგლებში ფინანსებს, იმისთვის, რომ საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი“.

ბეჭდვა