დიმიტრი შაშკინმა თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფცია წარმოადგინა
დიმიტრი შაშკინმა თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფცია წარმოადგინა
14:45 06.08.2012
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფცია წარმოადგინა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავდაცვის უწყების  სამოქმედო დოკუმენტი ე.წ. 3T-ს პრინციპს ეფუძნება და ტოტალურ ზრუნვას, წვრთნას და თავდაცვას მოიცავს.
მისი თქმით, ახალი კონცეფციის მნიშვნელოვანი კომპონენტია ტოტალური ზრუნვა, რომელიც 2013 წელს შევა ძალაში.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებზე სახელმწიფოს მხრიდან ტოტალური ზრუნვის კომპონენტებია ჯანდაცვა, განათლება, შეღავათები ტრანსპორტზე, ფინანსური წახალისება, საბანკო შეღავათები, და დასაქმება, ასევე, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და დასვენება.
ამასთან, კონცეფციის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეიქმნება რეფერალური ფონდი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, სამხედროებისა და მათი ოჯახების სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას მოხმარდება.
სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ჯანდაცვის მომსახურების სრული პაკეტის შეთავაზების გარდა, სამინისტრო სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის განათლების ხელმისაწვდომობაზეც იზრუნებს.
კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან ბაკალავრიატში 4 წლიან სწავლებას ყველა იმ პირს დაუფინანსებს, რომელმაც უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, სახელმწიფო გრანტი ვერ მოიპოვა და ვერც სწავლის საფასურს იხდის. ასეთ პირებს, თავდაცვის სამინისტრო ჯარში ერთწლიან სავალდებულო სამსახურს სთავაზობს, რის შემდეგაც მისი სწავლება სრულად დაფინანსდება. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება საკონტრაქტო სამსახურს მეორე ვადითაც გააგრძელებს, მას თავდაცვის სამინისტრო მაგისტრატურაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს.
სამხედროებს უფასოდ გადაეცემათ კომპიუტერის, ინგლისური ენისა და ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში ქართული ენის სწავლების ვაუჩერი, ასევე, პროფესიული სწავლების ვაუჩერი.
კონცეფციის თანახმად, შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების საზღვარგარეთ სამხედრო სასწავლებლებში სწავლების ხარჯებს დაფარავს.
სამხედროებისთვის ასევე, განათლების უზრუნველყოფის საოჯახო პაკეტიც ამოქმედდება.
ამავდროულად, ისინი მუნიციპალურ ტრანსპორტში სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ.
3T-ს კონცეფციის დანარჩენი ორი პრინციპი ტოტალურ წვრთნასა და ტოტალურ თავდაცვას ეფუძნება.
სამინისტროს ინფორმაციით, ტოტალური ტრენინგი ნატო-ში ინტეგრაციისთვის აუცილებელია და კარგად გაწვრთნილ ჯარს გულისხმობს.
მინისტრის თქმით, რაც შეეხება ტოტალურ თავდაცვას, ის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ეფუძნება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი რეზერვის არსებობა და გაძლიერებაა.


ბეჭდვა