კახეთის რეგიონში სტიქიის ზონის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა, რის შემდეგაც რეგიონი სამხედროემა დატოვეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალზე მიმავალი ავტოკოლონა ადგილობრივმა მოსახლეობამ გააცილა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა რეგიონი პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ დატოვეს. ჯარისკაცებს, რომლებმაც სტიქიის ლიკვიდაციაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა პირადად გადაუხადა.
მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩატარებული სამუშაოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
თავდაცვის უწყების 2000-მდე წარმომადგენელი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდა.
კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის უწყების სხვადასხვა ქვედანაყოფის 2 000-მდე წარმომადგენელი იყო ჩართული. ასევე, მეოთხე და მეხუთე ქვეითი ბრიგადები, სამშენებლო ბრიგადა, საინჟინრო ბატალიონი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის კადრირებული ბატალიონის პირადი შემადგენლობა და ათასზე მეტი რეზერვისტი.
თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები და სამხედრო ტექნიკა კახეთის მოსახლეობას სტიქიის შედეგების დაძლევაში ეხმარებოდნენ.
