2019 წელი შეიარაღებულ ძალებში კიბერუსაფრთხოების წლად ცხადდება
2019 წელი შეიარაღებულ ძალებში კიბერუსაფრთხოების წლად ცხადდება
12:32 15.10.2018
„საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად ცხადდება, რაც სამხედრო ოპერაციებშიუფრო მეტ აქტიურ ჩართულობას და საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე მეტ კიბერმოქმედებას ნიშნავს“ - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ კიბერუსაფრთხოების ბიუროში გააკეთა, სადაც აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს, გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს უმასპინძლა.

შეხვედრაზე ლევან იზორიამ პარტნიორებთან კიბერუსაფრთხოების სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა და საქართველოს კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში განსაკუთრებით ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წვლილი გამოყო.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საუბარი კიბერსფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, აშშ-სთან ერთად რიგი ღონისძიებების გატარება იგეგმება, რათა თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით გაღრმავდეს და შეიარაღებული ძალების სწავლებების, საერთაშორისო ტრეინინგების ფარგლებში ინტეგრირდეს.

კიბერუსაფრთხოების ბიუროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი და კიბერუსაფრთხეობის ბირუოს ხელმძღვანელი, ლევან გიორგობიანი დაესწრნენ.

ბეჭდვა