საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი კობა მახარაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს
გარდაცვლილის ოჯახს - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს და გარდაცვლილის ოჯახს მატერიალურად დაეხმარება.
სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელსაც სამხედრო პოლიცია იძიებს.
თავდაცვის სამინისტროში მახარაშვილის გარდაცვალების ვერსიებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ საზოგადოებისთვის საქმის დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში გორის სამხედრო ნაწილიდან 19 წლის ჯარისკაცი, კობა მახარაშვილი გუშინ ჩაასვენეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია პირში აქვს მოხვედრილი.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მახარაშვილმა მშობლებს სხვა სამხედრო ნაწილში გადაყვანა სთხოვა, თუმცა, გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდართან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.
