ლევან იზორიამ ვაზიანში ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე მიულოცა
ლევან იზორიამ ვაზიანში ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე მიულოცა
14:02 15.03.2018

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ვაზიანში, I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო

მოედანზე ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე პირადად მიულოცა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს ქართული არტილერიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით და ნატოსთნ მეტი თავსებადობის მიღწევის მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმებია დაგეგმილი. ამჟამად შეიარაღებული ძალების ყველა საარტილერიო ქვედანაყოფში სტრუქტურული რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც ყველა საარტილერიო ბატალიონში ერთნაირი სტრუქტურა ჩამოყალიბდება.
სამანევრო ბრიგადების საარტილერიო ბატალიონებში მიმდინარეობს სხვადასხვა ტექნიკური გადაიარაღების პროცესი, მათ შორის, ბუქსირებადი საარტილერიო ქვემეხების თვითმავალი საარტილერიო სისტემებით ჩანაცვლება, რითაც მობილურობისა, მანევრირების შესაძლებლობებისა და სროლის მანძილის გაზრდა მოხდება.
არტილერიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე I საარტილერიო ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალიც გაიმართა. პოლკოვნიკი ზურაბ თაბუკაშვილი ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ბიჭიკაშვილმა შეცვალა.
ღონისძიების ფარგლებში 53-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. დღესვე არტილერისტები უწყებრივი მედლებითაც დაჯილდოვდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდოები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ გადასცეს.
არტილერიის დღე ვაზიანში ქვედანაყოფში არსებული შეიარაღებისა და ტექნიკის დათვალიერებით დასრულდა.
ქართული არტილერია 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.

 

ბეჭდვა