თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძეა
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძეა
14:33 09.07.2012
თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ აკაკი სეფერთელაძე დაინიშნა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლებს  ახალი მოადგილეები დღეს მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წარუდგინა.

სეფერთელაძე მანამდე განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, უფრო ადრე კი - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე.

ამასთან, მინისტრის მოადგილედ დაინიშნა დავით ახალაია, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

დიმიტრი შაშკინმა მინისტრის მოადგილედ ასევე წარადგინა მაია სიფრაშვილი-ლი, რომელიც 2009 წელს მინისტრის მრჩეველი იყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, 2010 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამავდროულად, პროგრამა ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ხელმძღვანელი.

მინისტრის მოადგილედ ასევე ინიშნება დავით ნარდაია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორია.

მოადგილეებთან ერთად დიმიტრი შაშკინმა თანამშრომლებს ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც გააცნო. ადმინისტრაციის უფროსი - გენრიეტა მუმლაძეა, რომელიც იგივე პოზიციას იკავებდა განათლებისა და მეცნიერების და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში.

შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი ანდრიაშვილია, საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი - ეკა ჭუმბურიძე, ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - როინ გიუნაშვილი, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი - ქეთევან ასისტიშვილი, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი - ნანა როსტობაია, გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსი - იოსებ თოფურიძე და სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი-თეიმურაზ იობიძე.

ასევე, სამინისტროში იქმნება ახალი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელსაც გიორგი გულუა უხელმძღვანელებს.

ბეჭდვა