გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
12:44 05.10.2017
საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

უწყების ინფორმაციითვე, გმირთა მოედანზე გერმანელ კოლეგასთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდნენ.

გვირგვინით შემკობის ცერემონიალი ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ სამგლოვიარო მარშის და ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნების აკომპანირებით გაიმართა.
ბეჭდვა