GEM FEST-ის ორგანიზებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და კომპიუტერული ტექნიკა ამოღებულია
GEM FEST-ის ორგანიზებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და კომპიუტერული ტექნიკა ამოღებულია
22:30 18.08.2017
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში, შპს „არტპლატფორმას“ მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის - GEM FEST ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიების პროცესში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მოსამართლის განჩინებების და შესაბამისი დადგენილებების საფუძველზე, ამოღებულია GEM FEST-ის ორგანიზებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფესტივალის ორგანიზატორების და აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული მეწარმეების გამოკითხვა. გამოძიების პროცესში, 2017 წლის 18 აგვისტოს, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, მოწმის სტატუსით გამოიკითხა შპს „არტპლატფორმას“ დირექტორი გიორგი სიგუა.
"მოპოვებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ასევე მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, გატარებული იქნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
აღნიშნული საქმის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ. ამასთან, საგამოძიებო სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიიდან ამოღებული კონკრეტული დოკუმენტაციის ასლები შპს „არტპლატფორმას“ გადასცეს"-აცხადებენ უწყებაში.

ბეჭდვა