უფასო იურიდიული დახმარების ქართული მოდელის შესასწავლად თბილისს ინდონეზიის, ბანგლადეშისა და უკრაინის წარმომადგენელთა ერთობლივი დელეგაცია ეწვია.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილეს გიორგი არსოშვილს შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრალური და რეგიონული ოფისები მოინახულეს.
გიორგი არსოშვილმა დელეგაციის წევრებს იურიდიული დახმარების რეფორმის პრიორიტეტები გააცნო.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ყოველწლიურად, იურიდიული დახმარების სამსახურის მეშვეობით, ათასობით მოქალაქე სხვადასხვა სამართლებრივ პრობლემებს აგვარებს. საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით ჩატარებული კვლევების თანახმად, მიღებული სერვისებით კმაყოფილება და სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობა საკმაოდ მაღალია.
