მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, სამბისტ კუზანაშვილისთვის „ქართუს“ მიერ თანხის გადარიცხვის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყების საფუძველი კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურიდან მიღებული მასალა გახდა, რომელიც ფონდ „ქართუს" ანგარიშიდან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების" წევრ უშანგი კუზანაშვილისთვის 16.292 ლარის გადაცემას შეეხება.
გამოძიების დაწყებამდე მონიტორინგის სამსახურის განცხადებას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" გამოეხმაურა, რომელიც მოსყიდვის ფაქტს უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებს და აცხადებს, რომ მსოფლიოს ერთგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი სამბოში უშანგი კუზანაშვილი თავისი სპორტული საქმიანობისთვის საქველმოქმედო დახმარებას ფონდ "ქართუდან" 5 წელია იღებს.
ამასთანავე, ფონდის ცნობით 19 მაისს უშანგი კუზანაშვილი მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი სამბოში, რაც განსაკუთრებული შემთხვევაა ქართული სამბოს ისტორიაში და ამ მიღწევისათვის 28 მაისს, ფონდმა "ქართუმ", თავად უშანგი კუზანაშვილის პირადი განცხადების საფუძველზე, ერთჯერადი დახმარების სახით მას გადასცა ჯილდო 10 000 აშშ დოლარის ოდენობით.
ფონდი „ქართუ“ აცხადებს, რომ ის აპოლიტიკური ორგანიზაციაა და თავის საქმიანობაში არასოდეს პოლიტიკური სარჩულით არ ხელმძღვანელობს.
