საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით კიბორჩხალების მალულად შემოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე ამხილა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით კიბორჩხალების მალულად შემოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე ამხილა
12:19 07.08.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პირს, სამაცივრე სატვირთო მანქანით, საბაჟო-გამშვები პუნქტის „სადახლო“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, სომხეთიდან საქართველოში ტრანზიტულად შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცოცხალი კიბორჩხალა და შებოლილი თევზი.

საბაჟოზე წარდგენილი დეკლარაციის თანახმად, სომხეთის მოქალაქეს სხვადასხვა სახის ხილის ტრანზიტი უნდა განეხორციელებინა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ხილის გარდა, სატვირთო მანქანით არადეკლარირებული ტვირთი - 10 339 კგ ცოცხალი კიბორჩხალა და 1 110 კგ შებოლილი თევზის გადაჰქონდა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულია საქონელი, რომლის საბაჟო ღირებულება 35 310 ლარს შეადგენს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.


ბეჭდვა